უმაღლესი შეფასება კვარაცხელიას - whoscored-მა „იუვენტუსთან“ მატჩის მოთამაშედ ქართველი დაასახელა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშე იყო იუვენტუსთან“ მატჩში, რომელიც ნეაპოლელებმა 5:1 მოიგეს, – ასეთია საერთაშორისო პორტალის, whoscored-ის შეფასება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსთან“ ხვიჩამ ტურინელებს გოლი გაუტანა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და პირველი გოლის გატანაშიც მთავარი როლი ითამაშა. ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთშორისო პორტალი მოთამაშეებს ათქულიანი სისტემით აფასებს და ტურინელებთან მატჩის ერთ-ერთ გმირს, ფაქტობრივად, 100-პროცენტანი შედეგი – 9,8 (9,82) ქულა დაუწერა.
ეს იყო ყველაზე მაღალი შეფასება – „ნაპოლის“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიკტორ ოსიმენმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა, პორტალისგან ოდნავ ნაკლები ქულა მიიღო – 9,4.
ეს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში საუკეთესო შეფასებაა. სერია A-ში მანამდე საუკეთესო შეფასება 8,88 ქულა „ბოლნიასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ დაუწერეს.
18 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე „ნაპოლია“ (47) და კონკურენტ „იუვენტუსს“ (37) 10 ქულით ასწრებს, კვარაცხელიამ კი სერია A-ს 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.