„ულსანმა“ გიორგი არაბიძე წარადგინა - ჩემთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო თვისებები ვაჩვენო #1TVSPORT
„ულსანმა“ გიორგი არაბიძე წარადგინა - ჩემთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო თვისებები ვაჩვენო #1TVSPORT

სამხრეთ კორეის კლუბმა, „ულსანმა“ 26 წლის ქართველ ფეხბურთელთან, გიორგი არაბიძესთან კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„„Ულსანმა“ სეზონის მეორე ნახევრამდე გიორგი არაბიძე დაიმატა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი საფეხბურთო ინტელექტის, დარტყმის უნარისა და გოლის გატანის ალღოს მქონე მოთამაშეა. მოსალოდნელია, რომ ის შეტევას მნიშვნელოვან ძალას შემატებს.

არაბიძეს შეუძლია, როგორც გარემარბის, ასევე მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში. ის ყოფილ გუნდში, ქუთაისის „ტორპედოში“ საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ნახევარ სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

2015 წელს მან კონტრაქტი დონეცკის „შახტართან“ გააფორმა და უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაში ითამაშა, სადებიუტო მატჩი მთავარ გუნდთან ერთადაც გამართა.

2018 წელს პორტუგალიის პირველი დივიზიონის „ნასიონალში“ ჩაირიცხა, ამის შემდეგ ითამაშა „როტორში“. 2021 წელს საქართველოში დაბრუნდა და კონტრაქტი „სამტრედიასთან“ გააფორმა, ერთ წელში კი ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა.

იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, ხოლო ეროვნულ გუნდში ჩატარებულ ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. „ულსანში“ სეზონის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, წამყვან როლს შეასრულებს, ქართველი ფეხბურთელი 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია კლუბის ვებგვერდზე.

სამხრეთ კორეის გუნდში გადასვლის შესახებ კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმაც გააკეთა.

„ვიცი, რომ „ულსანში“ ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა და K-ლიგაში თავი გამოიჩინა. ვაკო ყაზაიშვილმა აქ გულშემატკივრების მხრიდან დიდი სიყვარული დაიმსახურა. ეს ჩემთვის მოტივაციაა. მნიშვნელოვანია, ვაჩვენო საუკეთესო თვისებები. საბოლოო მიზანია, აქ ადაპტაცია სწრაფად შევძლო, კიდევ უფრო გავიზარდო და კარგი თამაშით გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“, – თქვა არაბიძემ.