ეროვნული ლიგის მე-7 ტურში მორიგი შეხვედრა ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართა, სადაც „ტორპედომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა 0:4.
„საბურთალომ“ თავისი ლიდერის, მძიმედ დაშავებული გიორგი კოხრეიძის გარეშე ითამაშა და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით მოიგო. შეხვედრა თავიდანვე ქუთაისელებისთვის უსიამოვნო სცენარით წარიმართა – მე-12 წუთზე, თბილისელთა სწრაფი შეტევისას ელვინ ტერას კარში დარტყმულ ბურთს ხაზზე ქუთაისელთა მცველი გურამ ადამაძე გადაეღობა – მთავარი არბიტრის აზრით, მან ხელით ითამაშა, მოედნიდან გააძევა და „ტორპედოს“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც თბილისელთა კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა გოლად აქცია 0:1.
„საბურთალოს“ კაცნაკლული მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია. მე-14 წუთზე, 19 წლის გიორგი გულიაშვილმა ბექა ქავთარაძის პასით ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა 0:2. 42-ე წუთზე, ელვინ ტერას წაქცევისთვის ქუთაისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბექა ქავთარაძემ შეასრულა – 0:3.
64-ე წუთზე, დაჩი ცნობილაძის პასის შემდეგ, ბექა ქავთარაძემ მცველი გზიდან ეფექტურად ჩამოიშორა და ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4 „საბურთალოს“ სასარგებლოდ, რომელმაც 12 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა.
მე-7 ტურში კიდევ სამი მატჩი დარჩა გასამართი:
25 ივლისი
სამტრედია – დინამო თბ
18:00. სამტრედია. სტადიონი „ეროსი მანჯგალაძე“.
ლოკომოტივი – თელავი
21:00. თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი 2“.
კვირა, 26 ივლისი
დილა – დინამო ბთ
21:00. გორი. სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“.