უკვე ოფიციალურად - ვენის „რაპიდმა“ გორის „დილას“ თავდამსხმელი დაიმატა [ვიდეო] #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად - ვენის „რაპიდმა“ გორის „დილას“ თავდამსხმელი დაიმატა [ვიდეო] #1TVSPORT

ვენის „რაპიდმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გორის „დილას“ 21 წლის თავდამსხმელი ტიერი გეილი დაიმატა, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ტიერი გეილი „დილაში“ 2022 წლის ზაფხულში ბუდაპეშტის „ჰონვედიდან“ გადავიდა. მან ცხრა მატჩი ჩაატარა ბარბადოსის ნაკრებში და ორი გოლი გაიტანა. ის „რაპიდში“ 16 ნომრით ითამაშებს.

„ნაკლებად ტრადიციული საფეხბურთო ქვეყნიდან მოვდივარ და წარმატების მისაღწევად ყოველთვის დიდი შრომა მიწევდა. მიხარია, რომ ჩემი თამაში „რაპიდის“ ხელმძღვანელობამ შენიშნა. „რაპიდი“ სახელოვანი კლუბია და ავსტრიის გარეთაც კარგად იცნობენ. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრანსფერია და პირველივე დღიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოჩენილი ნდობა კარგი თამაშით გავამართლო. მოუთმენლად ველოდები ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან შეხვედრას და განსაკუთრებით პირველ საშინაო მატჩს“, – განაცხადა ტიერი გეილმა.

მარკუს კაზერი, „რაპიდის“ სპორტული დირექტორი: „ტიერი გამორჩეულ სეზონს ატარებს, რაც მისი სტატისტიკიდან ჩანს. სისწრაფითა და ბურთის შესანიშნავი ფლობით ის ჩვენი გუნდისთვის ფასეული მოთამაშე გახდება. მას არა მხოლოდ გატანა შეუძლია, არამედ თანაგუნდელებს გადაცემებითაც ამარაგებს. ჩვენ მასში ბევრად მეტ პოტენციალს ვხედავთ, ვიდრე აქამდე აჩვენებდა და „რაპიდში“ მაქსიმალური შედეგების მიღწევაში გვინდა დავეხმაროთ. მისი შეძენა ბევრი ევროპულ კლუბს სურდა და ვამაყობთ, რომ ფეხბურთელმა არჩვანი ჩვენს სასარგებლოდ გააკეთა“.

ზორან ბარიშიჩი, „რაპიდის“ მთავარი მწვრთნელი: „ტიერი გეილი არის ძალიან საინტერესო თავდამსხმელი, რომელიც შეიძლება გამოიყენო ფლანგზე, მას ბევრი ისეთი უნარი აქვს, რაც სხვა მოთამაშეებისგან გამოარჩევს. ჩვენ ვნახეთ, ევროთასებზე მისი რამდენიმე შეხვედრა. ბედნიერი ვარ, რომ მან „რაპიდი“ აირჩია. ის შესანიშნავი მოთამაშეა და მასთან მუშაობას მოუთმენლად ველი“.