უკვე ოფიციალურად - პაპუნაშვილის ტრანსფერი „რადნიჩკიმ“ დაადასტურა #1TVSPORT
ნიშის „რადნიჩკიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდში გიორგი პაპუნაშვილი ჩაირიცხა – ინფორმაციას სერბული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს წარმომადგენელი გიორგი პაპუნაშვილი დღეს საღამოს ნიშში ჩავიდა, „რადნიჩკისთან“ კონტრაქტი გააფორმა და მაშინვე მთავარი მწვრთნელის, ტომისლავ სივიჩის განკარგულებაში აღმოჩნდა. მოგესალმებით პაპუ“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
პაპუნაშვილამდე „რადნიჩკიში“ „თელავის“ კაპიტანი ანტონ თოლორდავა გადავიდა, ხოლო ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი.
27 წლის შემტევმა პაპუნაშვილმა კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, „ვერდერ-2“-ში იჯარით 20 მატჩი ჩაატარა, 2017 წელს კონტრაქტი გააფორმა „სარაგოსასთან“, ბოლო ორი სეზონი კი „სანტანდერში“, ლიმასოლის „აპოლონსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ გაატარა.
პაპუნაშვილმა საქართველოს ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. პაპუნაშვილი „რადნიჩკიში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩავიდა. სერბული მედიის ცნობით, პაპუნაშვილს ორწლიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა. მაგრამ, კლუბი ჯერ ასეთ დეტალებს არ იუწყება.