უკვე ოფიციალურად - „დინამო თბილისმა“ ანანიძის ტრანსფერი დაადასტურა, ჯანო 7 ნომრით ითამაშებს #1TVSPORT
თბილისის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ჯანო ანანიძე კლუბის მოთამაშე გახდა.
„ჯანო ანანიძე დინამოელია. საქართველოს ნაკრების შემტევი „დინამოში“ 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მან ჩვენს გუნდთან კონტრაქტს 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა“, – წერია „დინამოს“ ოფიციალურ გვერდზე.
ანანიძე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა – ეროვნულ ლიგაში უკვე თამაშობენ ლევან მჭედლიძე, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ჯიღაური, გოგა ჩაბრაძე, ლაზარე კუპატაძე…
ჯანო ანანიძე წელიწადზე მეტი უგუნდოდ იყო. ბოლოს ის ვოლგოგრადის „როტორის“ ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ გუნდი ისე დატოვა, ერთი მატჩიც ვერ ჩაატარა, რადგან ტრავმისგან განკურნება ვერ მოახერხა. ის უკვე ჯანმრთელადაა და იმედია, კარიერას ისევ მაღალ დონეზე განაგრძობს.