საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ კონკურენტი გუნდებიდან ორი მოთამაშე დაიმატა – ინფორმციას კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.
ხმაურიანი შიდა ტრანსფერი განახორციელა კონკურენტი „დინამო თბილისიდან“ და ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე, გიორგი ზარია გადაიბირა – ბათუმელთა გუნდის ვებ გვერდის ცნობით, 23 წლის ნახევარმცველი ბათუმის „დინამოში“ 3 სეზონის განმავლობაში ითამაშებს.
გიორგი ზარია „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. 16 წლის ასაკიდან პირველი ლიგის „სასკოში“ თამაშობდა. საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში 2014 წლიდან, 17 წლიდან თამაშობს და საქართველოს ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი და სუპერთასი კი 1-1-ჯერ მოიგო. „დინამოს“ რიგებში მან 73 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 9-ჯერ საგოლე პასი შეასრულა. გიორგის 2 მატჩი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა.
კიდევ ერთი კონკურენტიდან, „საბურთალოდან“ ბათუმელებმა გოგა ჩაბრაძე გადაიბირეს. 24 წლის მარჯვენა მცველი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, გუნდში დაიწყო პროფესიული კარიერაც, მაგრამ 2020 წლის დასაწყისში იჯარით „თელავში“ გაუშვეს, სადაც სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა. ჩაბრაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.