უკვე ოფიციალურად - „ბაიერნის“ შემტევმა პარკაძემ სამუშაო ვიზა მიიღო და „ადმირაში“ ითამაშებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ ლუკა პარკაძე ექვსთვიანი იჯარით „ადმირაში“ ივლისში გაანათხოვრა, მაგრამ 18 წლის ქართველი შემტევი სამუშაო ვიზას ელოდებოდა და ავსტრიულმა კლუბმა გარიგება ოფიციალურად მხოლოდ ახლა დაადასტურა.
„უკვე ოფიციალურად – „ადმირა“ შემტევი ლუკა პარკაძით გაძლიერდა. 18 წლის ქართველი მოთამაშე მიუნხენის „ბაიერნიდან“ იჯარით დავიმატეთ. ლუკა პარკაძე სეზონის ბოლომდე ჩვენთან იჯარით ითამაშებს. მან თამაშის ნებართვა უკვე მიიღო“, – წერია კლუბის განცხადებაში.
კომენტარი გააკეთა „ადმირას“ სპორტულმა დირექტორმა, პიტერ შტეგერმა და ქართველის დამატებით კმაყოფილება გამოხატა.
„აღტაცებულები ვართ ლუკას მონაცემებით, განსაკუთრებით შეტევაში. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და მიუნხენის „ბაიერნმა“ ტყუილად არ დაიმატა. ამიტომ ამ საიჯარო ხელშეკრულებას ჩვენთვის დიდ დატვირთვა აქვს, რადგან ლუკა თავიდანვე დაგვეხმარება თავისი შემოქმედებით. ასევე, მადლობა მიუნხენის „ბაიერნს“, რომ ჩვენი განვითარების ფილოსოფიას ენდო“, – განმარტავს პიტერ შტეგერი.
ლუკა პარკაძემ კარიერა „დინამო თბილისის“ აკადემიაში დაიწყო. კლუბის პირველ და მეორე შემადგენლობაში რამდენიმე მატჩის შემდეგ, ამ ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. პარკაძეს საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.