საუდის არაბეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა, „ალ-ოხდუდმა“ ქართველი მცველი საბა კვირკველია ოფიციალურად წარადგინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და არაბულ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, ხელშეკრულება ოფციონის წესით გაფორმდა და თანამშრომლობის ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტია ჩადებული.
31 წლის ქართველმა მცველმა 12-წლიანი კარიერის შემდეგ, 2021 წელს რუსეთი დატოვა და უკრაინაში, ხარკოვის „მეტალისტში“ გადავიდა. ომის დაწყების შემდეგ დროებით „გაგრაში“ ჩაირიცხა, ხოლო შარშან, ზაფხულში ბაქოს „ნეფტჩის“ ფეხბურთელი გახდა. კვირკველია საქართველოს ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს, რომლის ფორმით 49 მატჩი ჩაატარა.
საუდის არაბეთი მეხუთე ქვეყანაა, სადაც კვირკველია ითამაშებს. „ალ-ოხდუდმა“ დასრულებულ სეზონში საუდის არაბეთის რანგით მეორე ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და მთავარ საფეხბურთო ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.