უკრაინულმა კლუბებმა, შესაძლოა, 2022/23 წლების ევროსეზონი გამოტოვონ - მთავარია, ომი მალე დასრულდეს #1TVSPORT
რუსეთის თავდასხმამ უკრაინაში 21-ე საუკუნისთვის არნახული ნგრევა გამოიწვია და ცხადია, უკრაინულ ფეხბურთსაც უდიდესი პრობლემები შეუქმნა. რა გავლენას მოახდენს უკრაინულ ფეხბურთზე ომი? ამის შესახებ ილია სკოროპაშკინმა გამოცემა „სპორტარენასთან“ ისაუბრა, იურისტმა, რომელიც უშუალოდ სპორტის საკითხებზე მუშაობს. მისი თქმით, უკრაინულმა კლუბებმა, შესაძლოა, საკუთარი ჩემპიონატი სხვა ქვეყნებში დაასრულონ.
„100 პროცენტით დარწმუნებულებმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონატი ომის დამთავრების გარეშე არ დასრულდება. მიზეზი სავსებით გასაგებია – ფეხბურთელებისა და მწვრთნელების დიდი რაოდენობა უკრაინას რუსეთის კრიმინალური სამხედრო თავდასხმისგან იცავს. სეზონის დასრულების სისტემის შემუშავებაში მნიშვნელოვანი საკითხი ომის დამთავრების თარიღი იქნება. უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ჩემპიონატზე არსებულ ვითარებაზე საკმაოდ გასაგები კომენტარი გააკეთა. პირველადი გეგმა არის ჩემპიონატის სპორტულ საფუძველზე დასრულება, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ სიტუაცია სხვადასხვა სცენარით შეიძლება განვითარდეს და განვიხილავთ გარემოებებს. ეს ვარიანტებია – ჩემპიონატის საზღვარგარეთ დასრულება – განიხილება მხოლოდ ექსტრემალურ ვითარებაში, თუ ომის შემდეგ უკრაინის სტადიონები მატჩების მისაღებად მზად არ იქნება“, – განაცხადა ილია სკოროპაშკინმა.
უკრაინელმა იურისტმა ასევ არ გამორიცხა, რომ ჩემპიონატის დაუსრულებლობა დიდი საფრთხის შემცველი იქნება:
„ითამაშებენ თუ არა ჩვენი გუნდები ევროთასებზე, ესეც დამოკიდებულია ომის დასრულების თარიღზე. თუ ეს შემოდგომაზე მოხდება და ჩვენი ჩემპიონატი სასურველ ვადაში არ დასრულდება, შესაძლოა 2022/2023 წლების სეზონი უეფა-ს ტურნირებში უკრაინული კლუბების გარეშე ჩაიაროს. არ გამოვრიცხავთ, რომ შეჯიბრის ორგანიზატორებმა უკრაინული კლუბებისთვის შეიმუშავონ სპეციალური კრიტერიუმები. მთავარ საკითხად რჩება ეროვნული ნაკრების მატჩები შოტლანდიასთან და იუნიორ ჩემპიონთა ლიგაზე კიევის „დინამოს“ 19-წლამდელთა მატჩები“ – ამბობს სკოროპაშკინი.