უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს, ლისიჩანსკში დაბომბვის შედეგად ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს, ლისიჩანსკში დაბომბვის შედეგად ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტზე ავიაიერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი განუწყვეტლივ იბომბება, ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარია.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ ქალაქების სლავიანსკისა და ბახმუტის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონის ქალაქ სვეტლოდარსკში, უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. დაბომბვის შედეგად, ადმინისტრაციულ შენობას ხანძარი გაუჩნდა.

ლისიჩანსკში რუსული დაბომბვის შედეგად, ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა, სევეროდონეცკში კი რუსმა სამხედროებმა ორი ხიდი დაანგრიეს, მესამე კი იბომბება.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ყუმბარმტყორცნებით შეტევა განახორციელეს სუმის ოლქზეც. უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები სლავიანსკის მიმართულებით. უკრაინის არმია, მძიმე ბრძოლის მიუხედავად, პოზიციებს ინარჩუნებს ქალაქ სევეროდონეცკში.