უკრაინული გამოცემა - „შახტარმა“ გოჩოლეიშვილთან კონტრაქტი უკვე გააფორმა #1TVSPORT
დონეცკის „შახტარმა“ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა მცველ გიორგი გოჩოლეიშვილთან კონტრაქტი უკვე გააფორმა – უკრაინული გამოცემა ua-football.com-ი ინფორმაციას ჟურნალისტ იგორ ციგანიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გოჩოლეიშვილსა და დონეცკის „შახტარს“ შორის კონტრაქტი გაფორმებულია. დონეცკელები ფეხბურთელს განაცხადში გაზაფხულისთვის შეიყვანენ. ქართველი მოთამაშის შეძენა ზაფხულში „დნიპრო 1“-საც სურდა, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა“ – ამტკიცებს ციგანიკი.
უკრაინელმა ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ „შახტარი“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ 21 წლის ხორვატ ანტონიო მარინთან, რომელიც გუნდს იმ პირობით შეუერთდება, თუ ზამთარში „შახტარი“ მიხაილ მუდრიკს რომელიმე ევროპულ გუნდში სასურველ ფასად გაუშვებს.
„აღსანიშნავია, რომ გოჩოლეიშვილი მანამდე მხოლოდ საქართველოში თამაშობდა. მან 4 მატჩი ჩაატარა თავისი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში. Transfermarkt-ი 21 წლის ქართველ ფეხბურთელს 600 000 ევროდ აფასებს“ – წერს უკრაინული გამოცემა.