უკრაინისთვის მებრძოლი იტალიელი მეკარე სროლაში მოხვდა და კავშირზე აღარ გამოდის #1TVSPORT
ივან ლუკა ვავასორი, რომელიც რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისედ წავიდა, კავშირზე აღარ გამოდის და ფეხბურთელის ახლობლებმა განგაში ატეხეს – იუწყება football24.ua
ვავასორი რუსეთში დაიბადა, მაგრამ ხუთი წლის ასაკში იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ადგილობრივმა ოჯახმა იშვილა. თამაშობდა იტალიურ კლუბებში „ალციონში“, „ლეგნანოში“ და „პრო პატრიაში“. ცოტა ხნის წინ ბოლივიაში გაემგზავრა, ადგილობრივ „სანტა კრუზთან“ ვარჯიშობდა.
სწორედ ამ დროს დაესხა რუსეთი უკრაინას თავს და მეკარემ საფეხბურთო კარიერის დასრულება და უკრაინის მხარდაჭერა გადაწყვიტა – ვავასორი აგრესორებისგან დაზარალებული ქვეყნის დასაცავად გაემგზავრა და მოხალისეთა ბატალიონში ჩაირიცხა.
ივანმა მეგობრებს ანდო სოციალური ქსელების მართვა და სწორედ მათ ატეხეს განგაში, რადგან რამდენიმე დღეა ფეხბურთელი მათ აღარ უკავშირდებოდა. ივანის ინსტაგრამზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მის პოლკს მარიუპოლიდან დაჭრილების ევაკუაციის მცდელობისას ცეცხლი გაუხსნეს.
football24.ua იტყობინება, რომ ვავასორის ბრიგადა მარიუპოლში იბრძოდა და გადარჩა, მაგრამ 5 გარდაცვლილი და 7 დაჭრილია, რომელთა გვარებიც არ დაკონკრეტებულა. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ მეკარის თანამებრძოლები ალყაში არიან.