უკრაინის ნაკრებში ვიქტორ ციგანკოვის შემცვლელი ვიტალი ბუიალსკიც ტრავმირებულია #1TVSPORT
უკრაინის ნაკრებს ერთა ლიგაზე საქართველოსთან მატჩამდე მორიგი დანაკლისი აქვს. დიდი ალბათობით, მოახლოებულ შეხვედრას კიევის „დინამოს“ კაპიტანი ვიტალი ბუიალსკიც გამოტოვებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვიტალი ბუიალსკი უკრაინის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში ჟიტომირის „პოლესიესთან“ (2:1) დაშავდა. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმაც განაცხადა.
„ნაკრებზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან მცირე ტრავმა მაქვს“, – ციტირებს „დინამოს“ პრესსამსახური ბუიალსკის სიტყვებს.
საინტერესოა, რომ კიევური კლუბის კაპიტანი სერგეი რებროვმა ნაკრებში ბოლო მომენტში ესპანური „ჟირონას“ ტრავმირებული გარემარბის, ვიქტორ ციგანკოვის ნაცვლად მიიწვია.
31 წლის ბუიალსკის დებიუტი უკრაინის ნაკრებში 2017 წელს შედგა. მან გუნდის შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.
ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრებმა 4 მატჩი გამართა, 4 ქულა აქვს და B1 ჯგუფის სატურნირო ცხრილში ბოლო, მეოთხე ადგილზეა. სერგეი რებროვის გუნდი ერთა ლიგაზე 16 ნოემბერს ბათუმში ჯერ საქართველოს ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს ტირანაში ალბანეთს შეხვდება.