უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი - გულშემატკივრებს შეეძლოთ, საქართველოს ნაკრებთან თამაში 92-ე წუთზე ჩაერთოთ, მეტი შანსი არ გვქონია #1TVSPORT
კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა, ვიქტორ ლეონენკომ Sport-express.ua-სთან ინტერვიუში გააანალიზა საქართველო-უკრაინის მატჩი (1:1), რომლის შედეგითაც უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩა.
„რებროვმა ხანდახან უნდა გარისკოს. ადრე მისი გუნდი ხშირად უტევდა, ახლა კი მხოლოდ დაცვაზე ფიქრობს. გულშემატკივრებს შეეძლოთ საქართველოსთან ტელევიზორი მხოლოდ 92-ე წუთზე ჩაერთოთ, როდესაც ნაზარენკომ და გუცულიაკმა ბურთი ვერ გაიტანეს, მეტი შანსი არ გვქონია.
მეშვიდე წუთის შემდეგ, როცა გოლი გავიტანეთ, უბრალოდ დაცვაში ჩავჯექით და ჩვენს კართან „ავტობუსი“ ჩავაყენეთ. ქართველებმა კარში 18-ჯერ დაგვირტყეს, ჩვენ კი შვიდჯერ და რომელ კარგ თამაშზე ვსაუბრობთ? ეს არა საფრანგეთის, ინგლისის ან ესპანეთის წინააღმდეგ, არამედ საქართველოსთან მოხდა. მათთან თამაში შეგვიძლია, ჩვენზე ძლიერები არ არიან.
ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ვარსკვლავური გუნდი გვყავს. ქართველებმაც იციან, რომ ევროპაში ჩვენს ფეხბურთელებს იცნობენ, მაგრამ უკრაინის ნაკრებში ევროპული დონის მოთამაშე ვერ ვნახე. შედეგით არც ჩვენ ვართ კმაყოფილი და არც ქართველები. შესაძლოა, რებროვი ხედავს, რომ მათ არ შეუძლიათ შემტევი ფეხბურთის თამაში, მაშინ არ არის საჭირო გულშემატკივრებთან ლაპარაკი, რომ ვარსკვლავური გუნდი გვყავს. სად არიან ვარსკვლავები, თუ შეტევაში პრობლემებია?
ჩვენ არ ვიცით, როგორ შევქმნათ შანსები და ვერ ვუტევთ. ჩვენ ყველაზე მოუხერხებელი გუნდი ვართ, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. ვცდილობთ მეტოქის შეჩერებას, მაგრამ თავად მომენტებს ვერ ვქმნიდით. ლიდერები მხოლოდ ქაღალდზე გვყავს“, – ამბობს ვიქტორ ლეონენკო.