უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი - კვარაცხელია და მუდრიკი დიდი ფეხბურთელები არიან, ორივეს ჩემს გუნდში ავიყვანდი #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვასილი კობინი არ ეთანხმება თავის ქვეყანაში საქართველოს ნაკრებთან მოგების შემდეგ გაჟღერებულ შეფასებას, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას „ჩელსის“ უკრაინელი მოთამაშე მიხაილ მუდრიკი სჯობს, – ამის შესახებ მან ukrfootball-თან ინტერვიუში განაცხადა.
„საჭიროა, გავიაზროთ გუნდის სათამაშო სტილი, რომლის მიხედვითაც მოთამაშე აყავთ. ჩემი აზრით, კვარაცხელია პოზიციურ თამაშში მუდრიკზე ძლიერია, სივრცეში და კონტრშეტევებში კი მუდრიკს ბევრი ვერ შეედრება.
ხვიჩა უფრო შეეფერება გუნდს, რომელიც გამუდმებით პირველ ნომერად თამაშობს, სადაც გუნდს მცირე სივრცე აქვს და მოთამაშეთა დიდი ჯგუფის გამო მჭიდრო დაცვის გავლა სჭირდება. ამაში კვარაცხელიას უპირატესობა აქვს, მაგრამ ღია სივრცეში მიშა უფრო ძლიერია.
ორივეს ჩემს გუნდში ავიყვანდი და შემდეგ შევეცდებოდი, სასტარტო შემადგენლობაში ორივესთვის ადგილი მეპოვა, რათა ერთდროულად გამომეყენებინა. ორივე დიდი მოთამაშეა და მწვრთნელი გაარკვევს, მოედანზე გარკვეულ ტაქტიკურ სქემას რომელი მოერგება“, – განაცხადა კობინმა.