უკრაინის ნაკრების მწვრთნელს ლა ლიგის ბომბარდირის იმედი აქვს - დოვბიკისგან ნოემბერში უფრო მეტს ველით #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა კომენტარი გააკეთა იტალიური „რომას“ თავდამსხმელის, არტემ დოვბიკის მიღწევებზე, რომელმაც გასულ სეზონში „ჟირონაში“ 24 გოლი გაიტანა და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„ვფიქრობ, რომ არტემ დოვბიკმა „ჟირონაში“ თამაშით „ოქროს ბურთის“ ნომინანტობა დაიმსახურა. ძალიან რთულია, გახდე ბომბარდირი ტოპლიგაში, მით უფრო, პირველივე სეზონში – ისიც გასათვალისწინებელია, რომ არტემი ტოპკლუბში არ თამაშობდა. მან უკვე ნაკრებშიც მოახერხა გოლის გაიტანა, თუმცა ნოემბერში მისგან უფრო მეტს ველით“, – განაცხადა რებროვმა YouTube-არხის გადაცემა DIRECT RED-ში.
უკრაინელთა მწვრთნელმა ოქტომბრის ერთა ლიგის მატჩებში ეროვნულ ნაკრებში „ოლექსანდრიის“ ნახევარმცველის, ივან კალიუჟნის წარმატებულ დებიუტზეც ისაუბრა: „ივან კალიუჟნის თამაში უკრაინის ნაკრებში სხვა ფეხბურთელებისთვის მაგალითი უნდა გახდეს, ის ნამდვილი აღმოჩენაა. ივანმა აჩვენა, რომ ნაკრებში მაღალ დონეზე გამოსვლა შეუძლია. ის ნამდვილად იმსახურებს მედიის აღიარებას, რაც არ არის შემთხვევითი“.
უკრაინის ნაკრებმა ერთა ლიგაზე ოთხი მატჩი ჩაატარა, 4 ქულა დააგროვა და B1 ჯგუფის სატურნირო ცხრილში ბოლო, მეოთხე ადგილზეა. სერგეი რებროვის გუნდი შემდეგ შეხვედრას 16 ნოემბერს ბათუმში საქართველოს ნაკრებთან გამართავს.