უკრაინის ნაკრების მწვრთნელი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალები კარგად აღვიდგინოთ და თბილისში თამაშისთვის სათანადო ფორმასა და მზადყოფნაში ვიყოთ #1TVSPORT
უნგრეთის ნაკრებთან ბუდაპეშტში მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
„აღელვებული ვარ და ვამაყობ. ჩვენმა ბიჭებმა წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. მათ ძალიან რთული ცხოვრება აქვთ და გასაოცარია, თუ როგორ იხარჯებიან მოედანზე. მხოლოდ ფეხბურთზე საუბარი ჩემს ემოციებს სრულად ვერ გადმოსცემს. ვამაყობ ამ ბიჭებით. ისინი მაქსიმუმს აკეთებენ არა იმდენად ჩემთვის, რამდენადაც საკუთარი ხალხისა და გულშემატკივრებისთვის.
მატჩი ორი თავდამსხმელით დავიწყეთ, რადგან ვიცოდით, რომ დაცვის ზურგს უკან არსებული სივრცეების გამოყენება შეგვეძლო. გარკვეულ მომენტებში ეს კარგადაც გამოგვივიდა. მჯერა, რომ თამაშის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეგვიძლია, თუმცა მატჩისთვის სულ რაღაც სამ დღეში მომზადება ადვილი არ იყო. მე ისეთი მწვრთნელი ვარ, რომელიც ფეხბურთელებისგან ბევრს მოითხოვს. უნდა შევეგუო იმას, რომ ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ ბიჭებს წარმატებას ვულოცავ.
ასეთ დატვირთულ გრაფიკთან გამკლავება ძალიან რთულია, როცა მატჩები ერთმანეთის მიყოლებით იმართება. ზოგიერთ ნაკრებს, მაგალითად, გერმანიას, ფაქტობრივად, ორი განსხვავებული შემადგენლობა ჰყავს. როგორც მახსოვს, იტალიამ 34 ფეხბურთელი გამოიძახა. გამოწვევა მხოლოდ თავად მატჩები არ არის – საქმე ეხება სავარჯიშო პროცესისა და არსებული რესურსების მართვას.
ვფიქრობ, ეს ყველა მთავარი მწვრთნელისთვის რთულია. ახალი გამოცდილებაა და ჩვენც ვცდილობთ, მას მოვერგოთ. მაგალითად, ხვალ დილით ვარჯიში გვაქვს, შუადღისას კი უკვე უნდა გავემგზავროთ. თბილისში მივდივართ, მატჩამდე სულ ორი დღე გვრჩება. სამწუხაროდ, ენერგია ილევა – ეს ობიექტური რეალობაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალები კარგად აღვიდგინოთ და თამაშისთვის სათანადო ფორმასა და მზადყოფნაში ვიყოთ“, – აღნიშნა მალდერამ.
ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში უნგრეთი შემდეგ მატჩს 28 სექტემბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს, ხოლო უკრაინა თბილისში საქართველოს ეწვევა.