უკრაინის ნაკრების მწვრთნელი - ოქტომბრის მატჩები ცუდი დასაწყისის გამოსწორების შესაძლებლობაა #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა 2024/25 წლების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოსთან მატჩამდე ინსტაგრამზე გუნდის ვარჯიშიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი ფრაზა მიაწერა:
„მოდით, საქმეს დავუბრუნდეთ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ეროვნული ნაკრების ბანაკში ყველას ვხედავ. წინ არის ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ერთა ლიგაზე – ეს სექტემბრის იმედგაცრუებული დასაწყისის გამოსწორების შესაძლებლობა“, – წერს სერგეი რებროვი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რებროვი თანამდებობიდან წასვლას აპირებდა. ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა მისი შესაძლო გადადგომა გააპროტესტა.
„რებროვის გადადგომის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ უნდა წავახალისოთ ხალხი, რომ კარგად იმუშაონ. რებროვი ვინ უნდა შეცვალოს? გვყავს მწვრთნელები, რომლებიც მზად არიან დაიკავონ ეს პოზიცია? არ გვყავს ისეთები“, – თქვა იგორ ციგანიკმა საკუთარ YouTube არხზე.
ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინა ალბანეთთან დამარცხდა (1:2), ხოლო მეორეში – ჩეხეთთან (2:3) და ახლა ჯგუფში ბოლო ადგილზეა.