უკრაინის ნაკრების მწვრთნელი - ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებების ბევრი თამაში მინახავს, საქართველოს გუნდს ნაკლებად ვიცნობ #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა კომენტარი გააკეთა 2024-25 წლების ერთა ლიგის წილისყრის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ნაკრები ჯგუფში საქართველოსთან, ჩეხეთთან და ალბანეთთან ითამაშებს.
„ამ ეტაპზე მოუთმენლად ველით მარტში გასამართი ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩებს. ერთა ლიგის მომავალი მეტოქეების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და მათ შესწავლას მოგვიანებით დავიწყებთ. ახლა მთელი ყურადღება მარტის მატჩებზე უნდა გავამახვილოთ.
ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებების ბევრი თამაში მინახავს – ძლიერი გუნდები ჰყავთ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს. საქართველოს გუნდს ნაკლებად ვიცნობ, ქართველები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული მატჩები იქნება. უკრაინის ნაკრების მიზანი A ლიგაში დაბრუნებაა.
შესაძლებლობა მქონდა, უკრაინული კლუბების ზამთრის შეკრებაზე ჩავსულიყავი და მენახა, როგორ ემზადებიან ნაკრების კანდიდატები. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ჩემპიონატის მეორე ნახევარი კარგად წარიმართოს და პლეი ოფის მატჩებს ნაკრების ფეხბურთელები მომზადებულნი შეხვდნენ“, – განაცხადა სერგეი რებროვმა.
უკრაინის ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში 21 მარტს სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი 26 მარტს ფინალში ისრაელ-ისლანდიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.