„გენტის“ უკრაინელმა ლეგიონერმა, უკრაინის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა „უა-ფუტბოლთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამემაულეების გარდა, გუნდში ქართველებთან მეგობრობს.
„გუნდში სამი უკრაინელი ვართ – მე, იგორ პლასტუნი და რომან იარემჩუკი. მათთან ერთად უფრო ადვილია უცხოეთში თამაში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სხვადასხვა თემაზე ვილაპარაკოთ. ამას გარდა, გუნდში ორი ქართველი ლეგიონერი გვყავს, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია, რომელთანაც ასევე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ამ მხრივ ნამდვილად გაგვიმართლა: რთულ პერიოდში ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა შეგვიძლია“, – ამბობს რომან ბეზუსი.
მისი თქმით, დაახლოება იმანაც განაპირობა, რომ „გენტში“ შემტევი მოთამაშეები ერთად ვარჯიშობენ: „ყოველდღიურად ბაზაზე ვვარჯიშობთ, ამიტომ ჩვენებთან და ორივე ქართველთან მუდმივად კავშირი მაქვს. საუზმეზე ერთ მაგიდასთან ვსხდებით და იქაც ვსაუბრობთ. ახლა კი, კარანტინის დროს, ვარჯიშის ჩატარება დისტანციის დაცვითაა ნებადართული და გრეჰეთბოლს ვთამაშობთ. საქმე ისაა, რომ კარანტინის დროს, შემტევი მოთამაშეები ერთ ჯგუფში ვმუშაობთ“.
რომან ბეზუსი პოლტავას „ვორკლას“, კიევის „დინამოსა“ და დნიპროპეტროვსკის „დნიპროს“ ყოფილი ფეხბურთელია. შემტევ ნახევარმცველს 2011 წლიდან იწვევენ უკრაინის ნაკრებში, რომლის ფორმაც 22-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა.