უკრაინის მხარდასაჭერად - ფეხბურთის ვარსკვლავები აუქციონს გამართავენ, „ლეჩემ“ დახმარების პუნქტები გახსნა, „დორტმუნდი“ საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებს #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ევგენი ლევჩენკომ ისაუბრა, რუსეთთან ომის დროს როგორ ცდილობს ქვეყნის დახმარებას.
„ახლა უეფა-ში ვსწავლობ. აქ 30 კაცი ვართ. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიცაა სამი ხედირა, ბენედიქტ ჰევედესი, ნაიჯელ დე იონგი. მე მუდმივად ვსაუბრობ, უკრაინაში რა ხდება. ჩვენს ქვეყანას ყველა თანაუგრძნობს და იდეებს მთავაზობენ, უკრაინას როგორ დავეხმაროთ“, – თქვა ლევჩენკომ FanDay-ის კომენტარში.
მისი თქმით, ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა თანადგომა დაუყოვნებლივ შესთავაზეს:
„მათ შევთავაზე საქველმოქმედო აუქციონის მოწყობა, რასაც ბევრი გამოეხმაურა. სნეიდერმა და დე იონგმა თავიანთი მაისურები მომცეს. მე უკვე მაქვს ნიდერლანდების და გერმანიის ნაკრებების ყოფილი წევრების ავტოგრაფებიანი მაისურები, რაშიც ჰევედესი დამეხმარა. ხედირაც ფიქრობს, როგორ დაგვეხმაროს. ამ საკითხში გულგრილი ადამიანი არ მინახავს“.
ამას გარდა, სერია „ბ“-ს ერთ-ერთი ლიდერი „ლეჩე“ კიდევ ერთი კლუბი გახდა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას არა სიტყვით, არამედ საქმით შეუერთდა. „სპალთან“ მატჩამდე, „ლეჩემ“ იტალიურ წითელ ჯვართან თანამშრომლობით, უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების ორი ცენტრი სტადიონთან გახსნა. კლუბმა ომში დაზარალებული ქვეყნის მოქალაქეებისთვის წამლები და საკვები შეაგროვა.
დორტმუნდის „ბორუსიას“ აღმასრულებელი დირექტორმა, ჰანს-იოახიმ ვატცკემ კი გულშემატკივრებს მიმართა, რომ კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ საქველმოქმედო მატჩს მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დაესწრონ.
„ფეხბურთი არის საუკეთესო რამ მსოფლიოში, მაგრამ არის რაღაცები, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია – მშვიდობა, ჯანმრთელობა, სამშობლო, განათლება – ახლა ამ ღირებულებებს ევროპის ცენტრში ანგრევენ. და ეს ძალიან მტკივა. ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინელებს, დორტმუნდის „ბორუსიამ“ უკრაინას უკვე გადასცა ჰუმანიტარული დახმარება და ახლა ასევე გვსურს სახსრების შეგროვება დაზარალებული უკრაინელებისთვის“, – განაცხადა კიევის „დინამოს“ პრესსამსახურთან ვაცკემ.
დორტმუნდის „ბორუსიასა“ და კიევის „დინამოს“ შორის საქველმოქმედო მატჩი სამშაბათს, 26 აპრილს, გერმანიის უდიდეს სტადიონზე, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.