უკრაინის გენშტაბი - დონეცკის რეგიონის ქალაქები ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა ახლა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან
დონეცკის რეგიონის ქალაქები ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა ახლა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების 50-ზე მეტი შეტევა მოიგერია. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხუთი სარაკეტო და 22 საავიაციო დარტყმა განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე 42-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ბოლო ერთ დღეში რვაჯერ დაბომბა რუსეთის საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის უბნები, ასევე სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის ქვედანაყოფებმა დაბომბეს ცოცხალი ძალის საკონცენტრაციო ზონა, ერთი სამეთაურო პუნქტი და ორი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი.