უკრაინის გენერალური პროკურორი - უკრაინა მის ტერიტორიაზე ჩადენილ 32 000 სამხედრო დანაშაულს იძიებს
უკრაინის გენერალური პროკურორი - უკრაინა მის ტერიტორიაზე ჩადენილ 32 000 სამხედრო დანაშაულს იძიებს

უკრაინა მის ტერიტორიაზე ჩადენილ 32 000 სამხედრო დანაშაულს იძიებს, – ამის შესახებ უკრაინის ახალმა გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, ბრალი უკვე წაუყენეს სამხედრო დანაშაულებთან კავშირში მყოფ 160 რუს სამხედროს, მათგან 15 უკრაინას ჰყავს დაკავებული. ცხრა რუსი სამხედროს საქმეზე კი განაჩენი უკვე გამოცხადდა.

კოსტინის თქმით, სამხედრო დანაშაულების სრულყოფილი გამოძიებისთვის საჭიროა საერთაშორისო ტრიბუნალი.

„სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად და დასასჯელად არის უკრაინისთვის ცენტრალური საკითხი. მსოფლიო საზოგადოებისთვის ეს იქნება ძლიერი სიგნალი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა არ დარჩება დაუსჯელი“, – განაცხადა კოსტინმა.

ანდრეი კოსტინმა უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტზე ირინა ვენედიქტოვა 4 აგვისტოს შეცვალა.

უკრაინაში ბოლო განაჩენი რუს სამხედროს სასამართლომ 8 აგვისტოს გამოუტანა. ტანკისტ მიხაილ კულიკოვს 10 წელი მიუსაჯეს ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლისთვის ცეცხლის გახსნის გამო. მან დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ „დაუფიქრებლად“ ასრულებდა მეთაურის ბრძანებას.