უკრაინის ფუტსალის ნაკრების კაპიტანი - დაბომბილი ხერსონიდან დანაღმული გზით გამოვედით #1TVSPORT
უკრაინის ფუტსალის ნაკრების და „პროდექსიმის“ ფეხბურთელმა პეტრო შოტურმამ რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ურთულესი ამბები გადაიტანა – ის ომის დაწყებას ხერსონში შეესწრო და განაცხადა, რომ რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქიდან გამოსასვლელად დანაღმული გზა გაიარა.
„დიდხანს ველოდით „მწვანე დერეფანს“, მაგრამ, როგორც მივხვდი, არ გაგვიხსნეს იმის გამო, რომ ქალაქში ბრძოლები აღარ იყო და შედარებით სიმშვიდემ დაისადგურა. თუმცა ისინი შემოვიდნენ და დაიკავეს ხერსონი და ახლომდებარე ის ქალაქები, რომლებიც სჭირდებოდათ. ამის შემდეგ ხერსონის დატოვება შეუძლებელი იყო“, – განაცხადა შოტურმამ რადიო Zahidniy Polus-ის ეთერში.
მოგვიანებით პეტრემ სცადა ხერსონის დატოვება, დაბომბვისგან თავის რომ დაეღწია. საბოლოოდ, მან ამას მიაღწია.
„როცა მეოთხე საგუშაგო გავიარეთ, მეხუთემდე დანაღმული ველი იყო და ზიგზაგებით გავიარეთ. შემდეგ გვითხრეს, მომდევნო საგუშაგო უკვე თქვენია. შვება ვიგრძენით, მაგრამ მაინც დაძაბულები ვმოძრაობდით, სანამ ნიკოლაევდე არ მივაღწიეთ. ჩვენს საგუშაგოზე რომ მივედით, უკრაინელები დავინახეთ, ბედნიერებით გავიჟღენთეთ. დავმშვიდდით, მაგრამ ნიკოლაევამდე გზა მაინც რთული იყო – სანგრები, ტანკები…“ – იხსენებს შოტურმა.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ივანო-ფრანკოვსკელი ფეხბურთელი ევრო 2022-ზე უკრაინის ნაკრების კაპიტანი იყო. „ლურჯ-ყვითლებმა“ მაშინ მესამე ადგილისთვის მატჩში ითამაშეს, მაგრამ ესპანელებთან დამარცხდნენ.