უკრაინის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას სულ უფრო უჭირს ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რადგან დონორ ქვეყნებში ყურადღება მომავალ არჩევნებზე ინაცვლებს და გეოპოლიტიკური დაძაბულობა იზრდება
უკრაინას სულ უფრო უჭირს ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ვინაიდან ძირითად დონორ ქვეყნებში მაღალჩინოსანთა ყურადღება მომავალ არჩევნებზე ინაცვლებს და გეოპოლიტიკური დაძაბულობა იზრდება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ განუცხადა.
„მე ვხედავ დიდ დაღლილობას, სისუსტეს ჩვენს პარტნიორებს შორის. ისინი ისურვებდნენ, დაევიწყათ ომის შესახებ, თუმცა ეს ომი, ფართომასშტაბიანი, ჯერ კიდევ გრძელდება“, – განაცხადა მარჩენკომ, რომელიც მარაკეშში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებს ესწრება.
უკრაინელი მინისტრის თქმით, აპრილში გამართულ ბოლო შეხვედრასთან შედარებით, უკრაინას ახლა ორჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდება პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ მას მხარდაჭერა აღმოუჩინონ.
როგორც „როიტერი“ წერს, უკრაინას დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, რათა 2024 წელს ბიუჯეტში 43 მილიარდი დოლარის ოდენობის დანაკლისი დაფაროს. სააგენტო აღნიშნავს, რომ მიმდინარე კვირას გამართულ მოლაპარაკებებს ჩრდილი მოჰფინა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტმა, რომელიც მაშინ გაჩაღდა, როდესაც დეელგატები მარაკეშისკენ მიემგზავრებოდნენ.
სერგეი მარჩენკომ აშშ-სა და ევროკავშირში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, გეოპოლიტიკური ძვრა და შიდა პოლიტიკური კონტექსტი მრავალ ქვეყანაში ასუსტებს მთავრობების მზადყოფნას, მხარდაჭერა აღმოუჩინონ უკრაინას.