უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - უბრძოლველად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური არ გვჭირდება #1TVSPORT
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრეი პაველკომ უკრაინისთვის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის პირდაპირი გზით მინიჭების თაობაზე აგორებული ხმების შესახებ ისაუბრა:
„ხმები იმაზე, რომ ფიფა-მ, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოგვცეს, მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკია. მეორე მხრივ, მეც, ჩვენი მწვრთნელი პეტრაკოვიც და ფეხბურთელი იარმოლენკოც ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები, ჩვენ ეს უფლება სამართლაინ ბრძოლაში უნდა მოვიპოვოთ. ჩემთვის ეს არის ერთგვარი იმედი ბედნიერი მომავლისთვის, რომ ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს, ვასწავლით ჩვენს სპორტსმენებს, ფეხბურთელებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების წყალობით, ჩვენ კვლავ გვაქვს მშვიდობა ბევრ ქალაქში. ვიმედოვნებთ, რომ ვიმუშავებთ და ღირსეულ სპორტულ ახალგაზრდობას გავზრდით“, – თქვა პაველკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება ჯერ შოტლანდიასთან დუელში (1 ივნისი), ხოლო გამარჯვების შემთხვევაში – უელსთან (5 ივნისი) თამაშში უნდა მოიპოვოს.
უკრაინის ეროვნული გუნდი სლოვენიაში შეიკრიბა და მატჩისთვის მზადება დაიწყო. ნაკრებმა პირველი სპარინგ-პარტნიორიც შეიგულა. 11 მაისს უკრაინელები ამხანაგურ მატჩს მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ გამართავენ. თამაშს გერმანული კლუბის საშინაო არენა „ბორუსია პარკი“ უმასპინძლებს. უკრაინელი გულშემატკივრები თამაშზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ, შემოსული თანხა კი უკრაინაში გაიგზავნება.
მზადებასთან ერთად, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები ხშირად სტუმრობენ სამხედრო ჰოსპიტლებს, სადაც დაჭრილ ჯარისკაცებს ეხმარებიან.