უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ უარყო უკრაინის წინადადებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის ხუთმა ქვეყანამ უარყო უკრაინის წინადადებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ტარას კაჩკამ „ევროპეისკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლახან დასრულდა და შემიძლია ვთქვა, რომ ინფორმაცია „ხუთი სახელმწიფოს შესახებ, რომლებმაც უარყვეს უკრაინის წინადადებები“, არ შეესაბამება სიმართლეს“, – აღნიშნა ტარას კაჩკამ.
მისი თქმით, ორშაბათს გამართულ შეხვედრას პოლონური მხარე ფიზიკურად არ ესწრებოდა, ხოლო უნგრელები „ონლაინ იყვნენ და სიტყვაც არ უთქვამთ“.
„სლოვაკეთმა აღნიშნა, რომ პრობლემა არსებითად არ მოგვარებულა და ჩვენს ქმედებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ბულგარელებმა და რუმინელებმა ბევრი აბსოლუტურად სამუშაო კითხვა დასვეს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მედიის ცნობით, უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას მარცვლეულის ექსპორტის ნებართვების გაცემაზე ევროკავშირში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ხუთ წევრ ქვეყანაში, მაშინაც კი, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან მსგავს ნებართვებს.
შეგახსენებთ, პარასკევს ევროკომისიამ განაცხადა, რომ 15 სექტემბრის შემდეგ არ გააგრძელებს შეზღუდვებს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე. ამის მიუხედავად, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვიტეს ცალმხრივი შეზღუდვების დაწესება. საპასუხოდ, უკრაინამ დაიწყო ამ შეზღუდვების გასაჩივრების პროცედურა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.