უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები თბილისში ისრაელს დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT
უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისში, ევრო 2023-ის ფინალური ტურნირისთვის სამზადისში, ტესტ-მატჩი ისრაელთან გამართა და 1:1 დაასრულა. რუსლან როტანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეა და საქართველოში ორი საკონტროლო შეხვედრა დაგეგმა. პირველ ქართულ სპარინგში, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, უკრაინელების მეტოქეც ევრო2023-ს ფინალური ტურნირის მონაწილე იყო.
უკრაინელებმა ანგარიში უკვე მე-2 წუთზე კუდრიავის გოლით გახსნეს. ისრაელის გუნდმა მეორე ტაიმში მოახერხა თამაშის გათანაბრება. უკრაინელებისთვის საქმე 69-ე წუთზე გართულდა, როდესაც მოედანზე გასვლიდან რამდენიმე წამში კულაკოვსკიმ სახიფათო თამაშისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. ისრაელის ნაკრები გააქტიურდა, თამაშს აკონტროლებდა და 71-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც შაჰარმა გამოიყენა და საბოლოოდ ანგარიში დააფიქსირა- 1:1.
21 ნოემბერს, უკრაინა საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს შეხვდება. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
ევრო 2023-ზე უკრაინა B ჯგუფში მოხვდა, სადაც რუმინეთს, ესპანეთსა და ხორვატიას შეხვდება. გუნდი ტურნირს ხორვატიასთან მატჩით დაიწყებს, რომელიც მომავალი წლის 21 ივნისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.