უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა რუსი დივერსანტი დააკავა - ჩვენი ჯარების წარმატებების შემდეგ შიში გამიქრა #1TVSPORT
უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ეროვნული ნაკრების და კიევის „დინამოს“ ყოფილი მცველი ვოლოდიმირ ეზერსკი ქვეყნის დედაქალაქის მისადგომებს იარაღით ხელში იცავს. ის დეტალურად იხსენებს, როგორ დააკავა რუსი დივერსანტი.
„საეჭვო პირები შევნიშნეთ. სამწუხაროდ, ასეთი „ვირთხები“ ბევრნი არიან. რამდენიმე მათგანი გავანეიტრალეთ, ერთი განსაკუთრებით საშიში იყო – ცივი იარაღის გამოყენებას ცდილობდა. მას აღმოაჩნდა ყალბი დოკუმენტები, ტელეფონზე სხვადასხვა ობიექტისა და ადამიანების ფოტო ჰქონდა, კიევის გამზირების თითქმის ყველა საგუშაგოს სქემები, პაროლები, იარაღი და ა.შ. იგი პოლიციას და სპეცსამსახურებს გადავეცით“, – ამბობს ეზერსკი.
ცნობილი უკრაინელი მოთამაშე ქვეყნის დამცველებს ომის დაწყების პირველივე დღიდან შეუერთდა და ფეხბურთი დროებით განზე გადადო:
„თავიდან იყო მომენტები, როცა შიში ვიგრძენი, რადგან აქამდე მონადირეც კი არ ვყოფილვარ და იარაღი ხელში არ დამიჭერია. საგუშაგოსთან ვიდექი და ძალიან ახლოს, 800 მეტრზე, ქვემეხები ფეთქდებოდა, თავზე რაღაც გამუდმებით მიფრინავდა, ყველაფერს ცეცხლი ეკიდა. რა თქმა უნდა, თავიდან ეს შემზარავი იყო. გარდა ამისა, მაშინვე ვერ ვიგებდით, ვინ და სად იმყოფებოდა, ტერიტორიის რომელი ნაწილი იყო ოკუპირებული და რომელი არა, სად იყვნენ ჩვენები და სად – მტრები. ადაპტაციის და უკრაინის ჯარების პირველი წარმატებების შემდეგ, ყველანაირი შიში გამიქრა“.
ეზერსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ოკუპანტებს განდევნის:
„ყოველდღე უფრო და უფრო გვიძლიერდება რწმენა, რომ დამპყრობლებს ჩვენი მიწიდან განვდევნით. მადლობა იმ გამოცდილ ადამიანებს, რომლებიც ჩემ გვერდით იყვნენ, ჩვენს მეთაურს, ჩვენს სამხედროებს, რომლებიც ომის დროს გავიცანი. შევხედე მათ და დავინახე, როგორი ანთებულია ხალხის თვალები, როგორი სულისკვეთებაა და მივხვდი, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“, – ციტირებს ეზერსკის უკრაინული გამოცემა „კამანდა 1“.