უკრაინიდან ფინურ კლუბში - სიჭინავა ვიცე-ჩემპიონში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკა სიჭინავამ რუსეთის აგრესიის გამო უკრაინული კოვალივკას „კოლოსი“ დატოვა და კონტრაქტი ფინეთის ვიცე-ჩემპიონ „კუპიო პალოსეურასთან“ (კუპს) გააფორმა, – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.
„ფინეთის ჩემპიონატის (ვეიკაუსლიგა) დაწყებამდე „კუპიო პალოსეურამ“ შეტევა გააძლიერა. გუნდს იჯარით ნიკა სიჭინავა შეუერთდა. 27 წლის ქართველი თავდამსხმელი ცენტრფორვარდია. ის იჯარით ჩამოვიდა უკრაინის უმაღლესი ლიგის კოვალივკას „კოლოსიდან“, სადაც 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. საიჯარო ხელშეკრულება 2022 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს და ვადის გაგრძელების შესაძლებლობას ითვალისწინებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გუნდში ნიკა“, – წერია „კუპიო პალოსეურას“ განცხადებაში.
კლუბი ქართველი თავდამსხმელის სათამაშო თვისებებს ახასიათებს.
„ცენტრალური თავდამსხმელი სიჭინავა ძალიან მობილური მოთამაშეა. 185 სმ-იანი უნივერსალი ფეხბურთელი ორივე ფეხით კარგად არტყამს – გოლის გატანის უნარის გარდა, მას ასევე შეუძლია საგოლე გადაცემების გაკეთება და თანაგუნდელებისთვის სივრცე გაათავისუფლოს“.
სიჭინავამ უკრაინის პრემიერლიგაში 39 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას საუკეთესო პერიოდი 2019/20 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც პეტროვის „ინგულეცის“ მაისურით ქართველმა თავდამსხმელმა უკრაინის პირველი ლიგის პირველ ლიგაში 17 გოლი გაიტანა.
„კუპიო პალოსეურას“ პრესსამსახურის ცნობით, სიჭინავა გუნდს უკვე შეუერთდა, ორშაბათიდან საერთო ჯგუფში ვარჯიშობს და ამ კვირაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის მზად არის.
შეგახსენებთ, რომ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ფიფა-მ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს 30 ივნისამდე კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება მისცა, საომარი ვითარების გამო უთამაშებლები რომ არ დარჩნენ.