უკრაინელმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩზე ისაუბრა - ძალიან გაგვიჭირდება #1TVSPORT
ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა, ვიტალი კვარციანმა ერთა ლიგაზე მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მომავალ მეტოქეზე, საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა, რომელსაც 11 ოქტომბერს, 2024/25 წლების სეზონის ერთა ლიგის B1 ჯგუფის მესამე ტურში დაუპირისპირდება.
„შესაძლოა, ინდივიდუალურად ძლიერ ქართველებს შეტევაში თამაში სიამოვნებთ. ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ. ყველა ძალისმიერი გუნდი დაცვაზე ფიქრობს, მაგრამ საქართველო განსხვავებული სტილისაა, ტექნიკითა და იმპროვიზაციის უნარით გამოირჩევა.
ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა კარგად ითამაშეს. ახლა ერთა ლიგის ორივე მატჩი მოიგეს და ჯგუფის ლიდერები არიან. ეს აჩვენებს, რომ მატჩი საინტერესო იქნება. საქართველოსთან შეხვედრებში წარმატებული შედეგის იმედი გვაქვს, მაგრამ უკრაინის ნაკრებს ძალიან გაუჭირდება“, – ციტირებს კვარციანის სიტყვებს ვებგვერდი Sport.ua.