უკრაინელებთან ისევ ახვლედიანმა გაიტანა - გოლი, რომელიც „დინამოს“ გულშემატკივრებმა ვერ ნახეს (ვიდეო)

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე დღეს მეექვსე ამხანაგურ შეხვედრა გამართა და საკამოდ კარგ მეტოქესთან გაიმარჯვა – საქართველოს ჩემპიონის უკრაინის პრემიერლიგის გასული სეზონის პრიზიორს, „ოლექსანდრიას“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ამხანაგურ შეხვედრაში დინამოელთა ფორმით სინჯებზე მყოფი 26 წლის კამერუნელი ფრანც პანგოპიც თამაშობდა – ავსტრიული „ალტახის“ ფეხბურთელი, რომელმაც 2017 წელს კამერუნის ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა.

ბელეკში გამართული „დინამო თბილისისა“ და „ოლექსანდრიას“ მატჩის მე-17 წუთზე თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა გრიცუკის დარტყმული როინ კვასხვაძემ მოიგერია. მატჩის ბედი კი თორნიკე ახლედიანის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – „დინამოს“ თავდამსხმელმა მეტოქის კარი 87-ე წუთზე ნოდარ იაშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ აიღო.

საინტერესოა, რომ 20 წლის თავდამსხმელი თორნიკე ახვლედიანი შეკრებაზე თბილისელთა რიგებში ყველაზე შედეგიანია და მის ანგარიშზე უკვე 3 გოლია. „გაგრას“ ყოფილი მოთამაშე ესპანეთის ლა ლიგის „ლეგანესის“ დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, სადაც პირველივე შეხვედრაში მადრიდის „რეალის“ სარეზერვო გუნდს გაუტანა.