უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ადამიანთა შრომით ექსპლუატაციას ეწეოდა
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ადამიანთა შრომით ექსპლუატაციას ეწეოდა

უკრაინის პოლიციამ ოდესის ოლქში გამოავლინა დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც 100-მდე ადამიანის შრომით ექსპლუატაციას ეწეოდა. როგორც უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა, სერგეი კნიაზევმა განაცხადა, დაკავებულია დაჯგუფების 13 წევრი.

დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც, გამოძიების ცნობით, მეუღლესთან, უკრაინის მოქალაქესთან ერთად ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ დაჯგუფებას. მათ ორგანიზებული ჰქონდათ სასოფლო სამეურნეო საწარმო, რომლისთვისაც რამდენიმე წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების გარეშე ამუშავებდნენ ასამდე ადამიანს.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ეძებდნენ სოციალურად დაუცველ პირებს, ჰპირდებოდნენ  დასაქმებასა და  ყოველდღიურ ანაზღაურებას, ასევე საცხოვრებელსა და კვებას. ადგილზე მიყვანის შემდეგ კი, ართმევდნენ ტელეფონებს, დოკუმენტებს და ანაზღაურების გარეშე მუშაობას აიძულებდნენ. დაზარალებულთა შორის 14-დან 67 წლამდე პირები იყვნენ, რომლებსაც ანტისანიტარიის პირობებში აცხოვრებდნენ, ასევე ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

უკრაინის პოლიციის განცხადებით, დამნაშავეები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სამუშაოდ წასაყვანად მიკროავტობუსში ახალ „დასაქმებულებს“ სვამდნენ.