უკრაინაში ქართული დაპირისპირება არ შედგა
უკრაინაში ქართული დაპირისპირება არ შედგა

გუგა ფალავანდიშვილმა პოლონეთში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. პირველი ლიგის „პოდსკებიჟემ“ შინ „სტომილს“ 1:0 მოუგო, ქართველი ნახევარმცველი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. „პოდსკებიჟე“ 27 ქულით მე-10 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგაში 22-ე ტურში ქართველების დაპირისპირება არ შედგა: ლვოვის „კარპატმა“ ლიდერს, დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ლვოველთა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ნიკა სანდოხაძემ, ხოლო უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუა მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. დონეცკელთა განაცხადში დათა ხოჭოლავა არ იყო – მან მატჩი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა. „შახტარი“ გათამაშების ლიდერია, „კარპატი“ კი მეცხრე ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ტულის „არსენალის“ ძირითადში იყო გია გრიგალავა. მისმა თანაგუნდელებმა გროზნოს „ახმატი“ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე 1:0 დაამარცხეს. უშუალო კონკურენტთან მოგებით „არსენალმა“ 28 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა.

ლა ლიგა 2-ში ტარაგონასხიმნასტიკმა“ „ტენერიფე“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ოთარ კაკაბაძე იყო და შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების მცველი საგოლე შეტევაში მონაწილეობდა. 29 ტურში დაგროვებული 33 ქულით „ხიმნასტიკი“ მე-18 ადგილზეა.

ვაკო გვილია ახალ კლუბში ადგილს იმკვიდრებს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კვლავ „ლუცერნის“ ძირითად შემადგენლობაში იყო – მისი გუნდი შვეიცარიის სუპერლიგის 24-ე ტურში „სიონს“ „სტად-დე-ტურბილონზე“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1.

23 წლის ქართველმა ამჯერად „ლუცერნში“ შეუცვლელად ითამაშა – სტუმრებმა წონასწორობა 45-ე წუთზე მისი საგოლე გადაცემით აღადგინეს 1:1. 24 ტურის შემდეგ, „ლუცერნმა“ 31 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე დაქვეითდა.