უკრაინამ შესაძლოა, რუსეთში დაგეგმილი ტურნეს გამო, მარუვი ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან მოხსნას

უკრაინის შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ანნა კორსუნი, სასცენო სახელით მარუვი გახდა. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, წარადგენს თუ არა გამარჯვებული კონკურსანტი უკრაინას ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე.

ამის მიზეზი შესაძლოა, მომღერლის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი კონცერტების ტურნე გახდეს, რომელიც მარუვს აპრილში აქვს დაგეგმილი.

„შემიძლია არაერთხელ გავიმეორო, რომ ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე უკრაინის წარმომადგენელი არ უნდა იყოს მომღერალი, რომელიც აგრესორ სახელმწიფოში ტურნეს გეგმავს“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ვიაჩესლავ კირილენკომ.

თავის მხრივ, უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შიდაშესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ მომღერალს 24-საათიანი ვადა მისცა და ულტიმატუმიც წაუყენა.

„თუ 27 წლის კონკურსანტს სურს, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინოს უკრაინა, მას მოუწევს გააუქმოს რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ტურნე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იქნება ქვეყნის წარმომადგენელი ევროფესტივალზე. ჩვენ ვითვალისწინებთ ხალხის აზრს, ამ მომენტში ხალხის აზრი არაერთგვაროვანია. ხალხს არ სურს, რომ ქვეყნის წარმომადგენელი გახდეს არტისტი, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე მართავს კონცერტებს“, – აცხადებენ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელში.

უკრაინის არაოფიციალურმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქში სტატუსიც გამოაქვეყნა.

„ბოლო რამდენიმე საათი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური იყო. მინდა მივმართო ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო ერთ დღეში შემომთავაზეს მათი სახელით წასვლა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომ ვარ უკრაინელი და ვამაყობ, რომ შესაძლებლობა მაქვს, ჩემი ქვეყნის სახელით წავიდე თელ-ავივში. თქვენ ალბათ უკვე გსმენიათ კონტრაქტის შესახებ, რომელიც კონკურსის მონაწილესა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის იდება. ის დღეს უნდა იყოს ხელმოწერილი. მინდა გითხრათ, რომ კონტრაქტის პირობები არის შოკისმომგვრელი. მაქვს ძალიან ბევრი აკრძალვა, სანაცვლოდ კი, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან არაფერს ვიღებ, არ მაქვს ფინანსური მხარდაჭერა, მოგზაურობის ხარჯები თავად უნდა დავფარო, არ მაქვს ასევე მხარდაჭერა საერთაშორისო რეკლამის კუთხით და ა.შ. დახმარებას ვთხოვ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ადამიანებს, რომლებიც არ ასრულებენ სხვის ბრძანებებს“, – წერს მომღერალი.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.