უხვგოლიანი ტური ლიგა 2-ში - ბათუმელთა ბრაზილიელმა ჰეთთრიქი შეასრულა
უხვგოლიანი ტური ლიგა 2-ში - ბათუმელთა ბრაზილიელმა ჰეთთრიქი შეასრულა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-16 ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი გაიმართა. ამ შეხვედრებს ის აერთიანებდა, რომ არც ერთი ლიდერი არ დამარცხებულა.

მარტვილის „მერანმა“ ერთ-ერთ ლიდერს, „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და ქულა წაართვა 1:1. საინტერესოა, რომ თბილისელთა თავდამსხმელის, იაგო დეისაძის გოლი (72-ე წუთი) მასპინძლებმა მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე ვანო კურდღელაშვილის გოლით გაქვითეს 1:1.

ტექნიკური ცენტრი „ბასა“ – თბილისი

„გაგრამ“ აუტსაიდერ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და იოლად დაამარცხა 4:1. თამაზ ლომსაძემ დუბლი შეასრულა, თითო-თითო კი ლევან პაპავამ და თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანეს. ქობულეთელთა ერთადერთი გოლის ავტორი ჯეფერსონ ჯერალდოა.

ყველაზე უხვგოლიან შეხვედრას გივი ჩოხელის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა – „თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 26-ე წუთზე უკვე 4:0-ს იგებდა. საბოლოოდ, კახელებმა 5:2 მოიგეს. გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს ირაკლი რუხაძემ (2), გიორგი ნიქაბაძემ, მიხეილ ბაშელეიშვილმა და გიორგი ხარებაშვილმა, წყალტუბოელებიდან კი – გიორგი ნერგაძემ და თენგიზ ბრეგვაძემ.

გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა, ბათუმის „დინამომ“ ანგისას ბაზაზე „ცხინვალი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა 3:0. მატჩის გმირი ბათუმელთა ბრაზილიელი ლეგიონერი, ჯოვინო ფლამარიონი იყო, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა და „დინამოს“ გამარჯვება მოუტანა.

სულ მე-16 ტურის ხუთ შეხვედრაში (წინა დღეს „ვიტ ჯორჯიამ“ „შევარდენი“ 4:1 დაამარცხა) 22 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ 4,4 გოლი, რაც წელს საუკეთესო მაჩვენებელია.

16 ტურის შემდეგ გათამაშებას 30 ქულით „ვიტ ჯორჯია“ ლიდერობს, მეორეზე ბათუმის „დინამო“ (28 ქულა) დაწინაურდა, რომელმაც „ნორჩ დინამოს“ წაფორხილებით ისარგებლა და კონკურენტი მესამე ადგილზე დაააქვეითა. ბოლო ადგილზე კი „შუქურაა“ (10 ქულა), რომელიც „სამგურალს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.