უხვგოლიანი ტური ფუტსალის ლიგაში - „თელასმა“ 18 გოლი გაიტანა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში მე-19 ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა – სამ შეხვედრაში 39 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ მატჩში 13 გოლი.
არმია – თსუ 4:10
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა არმიელები დამაჯერებლად დაამარცხა. საუკეთესო შეხვედრა გიორგი ჩიკვაიძემ ჩაატარა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
თელასი – მართვე 18:5
გათამაშების ლიდერმა „თელასი-ჯორჯიანსმა“ ქუთაისის „მართვე“ დიდი ანგარიშით დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის გუნდში გოლი 8 ფეხბურთელმა გაიტანა – ჯანიკო გიორგაიამ (5, 22, 39, 40) 4 გოლი მიითვალა, ჰეთ-თრიქი, შოთა თოფურიას (3, 14, 24) ანგარიშზეა, დუბლი შეასრულეს ვახტანგ ჯვარაშვილმა (7, 27), ვახტანგ კეკელიამ (20, 23), ნიკოლოზ გაბრიჩიძემ (18, 37), დავით ხეჩიკაშვილმა (19, 29) და ირაკლი თოდუამ (38, 40), ერთიც გოლი კი ამირან ცხომარიას (23) ანგარიშზეა. ქუთაისელებიდან საუკეთესო ნიკა ხარაიშვილი იყო (31, 32, 37, 37), რომელმაც პოკერი შეასრულა.
პსპ – კსუ 0:2
მოქმედმა ჩემპიონმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამი დღის წინ პე-ეს-პე-სთან ტურის გამოტოვებული შეხვედრა 1:4 წააგო, ახლა კი ნიკა მანგოშვილის (6) და ლაშა სიგუნავას (39) გოლებით რევანში აიღო.