„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ პირველი ტური უხვგოლიანი გამოდის. დღეს ქუთაისის „ტორპედომ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ქუთაისის რამაზ შენგელაის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა საინეტრესო შეხვედრა იხილა. ქუთაისელები ორჯერ დაწინაურდნენ და ბოლნისელებმა ორჯერ გაათანაბრეს: მე-13 წუთზე ანგარიში ქუთაისელთა ნახევარმცველმა თენგიზ წიქარიძემ გახნა, მაგრამ 22-ე წუთზე ბოლნისელმა ვილი ისიანმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 34-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ ქუთაისელები მეორედ დააწინაურა, მაგრამ 63-ე წუთზე „სიონის“ ფორვარდმა ჯაბა უგულავამ წონასწორობა ისევ აღადგინა – 2:2
ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ, მაინც გაიმარჯვეს: 77-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ ზუსტი დარტყმით „ტორპედო“ დააწინაურა და ქუთაისელებს სამი ქულა მოუტანა – 3:2.
პირველი ტური ხვალ, 3 მარტს დასრულდება: თბილისის „დინამო“ „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლებს, ხოლო გორის „დილა“ 20:00 საათზე „ვიტ ჯორჯიას“ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.