„უიპეშტის“ მწვრთნელი - ამ პენალტისთვის არ გავაკრიტიკებ ზივზივაძეს, ის გუნდს ძალიან დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT

უიპეშტში“ გადასვლის შემდეგ ბუდუ ზივზივაძისთვის უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა ყველაზე უიღბლო გამოდგა – აუტსაიდერ „დირმოტთან“ (ყოფილი „დიორ ეტო“) 64-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი დაიმსახურეს, რომელიც ქართველმა თავდამსხმელმა პანენკას სტილში შეასრულა და ბურთი კარს ააცილა.

საბოლოოდ, „უიპეშტმა“ 30-ე ტურის მატჩი ფრედ (2:2) დაასრულა და გუნდს, სადაც ზივზივაძე გიორგი ბერიძესთან ერთად თამაშობს, ევროთასებზე მოხვედრის თეორიული შანსიც გადაეწურა.

ამის გამო ზივზივაძე უნგრულ მედიაში გააკრიტიკეს, რადგან „უიპეშტმა“ შეხვედრა 2:2 დაასრულა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, მაგრამ ზივზივაძეს გვერდში დაუდგა მთავარი მწვრთნელი მილოშ კრუშიჩი.

„ეტყობა, თავი ბენზემად წარმოიდგინა“ – თქვა უნგრელმა სპორტულმა კომენტატორმა, იშტვან ჰაიდუმ მომხდართან დაკავშირებით და იგულისხმა მადრიდის „რეალის” თავდამსხმელის მეირ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შესანიშნავად შესრულებულ პენალტი.

sportposzt

„ჩვენ არ ვიკამათებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს კლუბის შეცვლა არ შეშლია, რადგან მას „უიპეშტში“ გასაოცარი ტემპით გააქვს. პრობლემა ისაა, რომ კვირას მან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა „დირმოტთან“ პენალტი გააფუჭა“.

csakfoci

„64-ე წუთზე „უიპეშტს“ ჰქონდა კარგი შანსი კვირას გამართულ მატჩში, რომელიც 2:2 დასრულდა – ბუდუ ზივზივაძე ცდილობდა პანენკას სტილში შეესრულებინა პენალტი – შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ ლიდერის, კარიმ ბენზემას მიერ „მანჩესტერ სიტისთან“ გატანილი გოლის გამეორება სურდა. მისი გუნდი მოგვიანებით მაინც დაწინაურდა, მაგრამ სტუმართა გუნდმა საბოლოოდ ერთი ქულა მაინც აიღო და ამის გათვალისწინებით, ზივზივაძეს შეცდომა ძვირი დაუჯდა.

„არ გავაკრიტიკებ ფეხბურთელს, რომელიც ნამდვილად გრძნობს ვითარების სიმძიმეს. არც პენალტის შემდეგ მითქვამს რამე, რადგან ზივზივაძე პროფესიონალია და იცოდა, რომ რთულ მომენტში დაარტყა. მან პენალტის ასეთ სტილში შესრულება გადაწყვიტა. საჭიროდ არ ჩავთვალე იმ ფეხბურთელის გაკრიტიკება, ვინც ბოლო დროს ბევრი გოლი შეაგდო და გუნდს ძალიან დაეხმარა, რომ აუტსაიდერებიდან ევროსაგზურებზე მებრძოლ პოზიციებზე დავწინაურებულიყავით“, – განაცხადა „უიპეშტის“ მწვრთნელმა, მილოშ კრუშიჩმა.