უიმბლდონის ფინალის შემდეგ ჯოკოვიჩმა და ფედერერმა პირველი მატჩები მოიგეს
ცინცინატის „მასტერსის“ მეორე წრე მთავარმა ფავორიტებმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა და როჯერ ფედერერმა გახსნეს. მათ პირველად ითამაშეს უიმბლდონის ფინალის შემდეგ, რომელშიც ჯოკოვიჩმა ორი მატჩბოლი მოიგერია და ფედერერის დამარცხება შეძლო.
სერბი პირველ წრეში ამერიკელ სემ კუერის ხვდებოდა და მძიმედ შევიდა თამაშში: ჯოკოვიჩმა პირველივე გეიმში საკუთარი მოწოდება დათმო, მეორე სეტის სტარტზე კი ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, თუმცა, ნოვაკმა ორივე სეტის მეორე ნაწილში მოუმატა და საათსა და 18 წუთში 7:5, 6:1 მოიგო.
ჯოკოვიჩი ცინცინატიში შარშანდელ ტიტულს იცავს და მეორე წრეში ესპანელ პაბლო კარენიო ბუსტასა და ჯონ ისნერს შორის მოგებულს შეხვდება.
ასევე ორ სეტში მოიგო პირველი მატჩი როჯერ ფედერერმა. მან საათსა და ორ წუთში მოუგო არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს – 6:3, 6:4. შვეიცარიელმა იდეალურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – ცხრა ეისი ჩააწოდა, არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, პირველ მოწოდებაზე ქულების 77 პროცენტი აიღო, მეორე მოწოდებაზე – 83 პროცენტი. ლონდერომ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ეს შანსი ვერ გამოიყენა, ფედერერმა კი ოთხიდან ორი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო.
მეორე წრეში ფედერერის მეტოქე სტენ ვავრინკასა და ანდრეი რუბლიოვის მატჩში გაირკვევა.