უიმბლდონი 2019 - როჯერ ფედერერმა „დიდი სლემის“ ტურნირებზე 350-ე მატჩი მოიგო
შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი კიდევ ერთი ისტორიული შედეგის ავტორი გახდა.
უიმბლდონის 1/16 ფინალში როჯერმა 7:5, 6:2, 7:6 დაამარცხა ფრანგი ლუკა პუიე და მერვედფინალში გავიდა. ამ მოგებით ფედერერმა ორი რეკორდი დაამყარა – პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც „დიდი სლემის“ ტურნირებზე 350 მატჩი მოიგო, აგრეთვე მეჩვიდმეტედ გავიდა უიმბლდონის მერვედფინალში, რაც ასევე აბსოლუტური რეკორდია.
„დიდ სლემზე“ მოგებული მატჩების რაოდენობით მეორეა სერენა უილიამსი – 337. მამაკაცებს შორის ამ მაჩვენებლით მეორე შედეგი აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს – 273 მოგება, მაგრამ ის კიდევ სამ ქალს ჩამორჩება – მარტინა ნავრატილოვას, კრის ევერტსა და შტეფი გრაფს.
მერვედფინალში როჯერ ფედერერის მეტოქე იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება.