უილიამ ბარნსი - რუსეთის მხრიდან უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას მსუბუქად ვერ მივუდგებით, თუმცა ამერიკულ დაზვერვას ამ მუქარის გამამყარებელი მტკიცებულებები არ უნახავს
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აშშ რუსეთის მხრიდან უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების მუქარას მსუბუქად ვერ მიუდგება. თუმცა, ამავე დროს უილიამ ბარნსი აღნიშნავს, რომ ამერიკულ დაზვერვას ამ მუქარის გამამყარებელი პრაქტიკული მტკიცებულებები არ უნახავს.
ეს იყო პირველი საჯარო კომენტარი, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ გააკეთა.
ჯორჯიის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბარნსმა ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარუმატებლობაზე, რომლის ძალებმაც მნიშვნელოვანი დანაკარგი ნახეს და იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ უკრაინის ჩრდილოეთიდან.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, კრემლის რიტორიკის მიუხედავად, რომელიც ბირთვული არსენალის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ აცხადებს, აშშ-ს შესაბამისი მუქარის დამამტკიცებელი საბუთები და ქმედებები არ უნახავს.
ბარნსმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის დაზვერვამ რუსეთის უკრაინაში ახალი შეჭრის სამზადისის შესახებ ინფორმაციის შეგროვება შარშან შემოდგომაზე დაიწყო. მისივე განცხადებით, ნოემბერში ის პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით ჩავიდა მოსკოვში და ვაშინგტონის შეშფოთება პირადად პუტინს აცნობა.
„მე შევშფოთდი იმით, რაც მისგან მოვისმინე. პუტინს მაშინ სავარაუდოდ არ ჰქონდა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული, თუმცა ის დარწმუნებული ჩანდა, რომ მისი არმია სწრაფ წარმატებას მიაღწევდა მინიმალური დანაკარგებით“, – განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა.