უფრო დიდი ამბიციები აქვს - დემჩენკომ განმარტა, საქართველოში გუნდი რატომ შეიცვალა #1TVSPORT
უფრო დიდი ამბიციები აქვს - დემჩენკომ განმარტა, საქართველოში გუნდი რატომ შეიცვალა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრი დემჩენკომ „უკრფუტბოლთან“ ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ შეიცვალა საქართველოში კლუბი და გორის „დილას“ შემდეგ ბათუმის „დინამო“ ჩაიბარა.

მან უამბო უკრაინულ გამოცემას, თუ როგორ გაჩნდა „დინამოს“ ვარიანტი. დემჩენკომ განმარტა, რომ ყოფილ კლუბთან ყველაფერი მის კონტრაქტში ჩადებულმა ერთმა პუქტმა განაპირობა.

„ნახევარი წლის შემდეგ მე და „დილამ“ კონტრაქტში ჩავწერეთ პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფულადი კომპენსაციის საფასურად, კონტრაქტის დასრულებამდე შემეძლო სხვა გუნდში გადასვლა.

ბათუმის „დინამომ“ ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა და წინა მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა. ამის შემდეგ კლუბიდან დამირეკეს და გუნდის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს. მე დავთანხმდი, „დინამომ“ კი კომპენსაცია გადამიხადა და მე სამუშაოდ ბათუმში გადავედი.

რატომ დავთანხმდი ამ წინადადებას? არჩევანის მთავარი მიზეზი გუნდის ამბიციები იყო. ბათუმის „დინამო“ მაქსიმალურ შედეგებს ისახავს. ცხოვრების ამ ეტაპზე ეს ჩემს ამბიციებს შეესაბამება. მიმაჩნია, რომ „დილასთვის“ გადავიზარდე და წინ უნდა წავსულიყავი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემოთავაზება მივიღე.

რაც შეეხება ახალი კლუბის ფინანსურ მდგომარეობას – საერთოდ, ქართულ ფეხბურთში ვითარება უმჯობესდება, კლუბებს აქვთ შესაძლებლობა, მოიწვიონ ხარისხიანი უცხოელი ფეხბურთელები. ადგილობრივი ტოპკლუბების ბიუჯეტები „შახტარისა“ და კიევის „დინამოსას“ კვლავ ჩამორჩება, თუმცა ისინი დაახლოებით იმავე დონეზე არიან, როგორც „დნიპრო-1“, „ვორსკლა“, „კრივბასი“, „რუხი“… რა თქმა უნდა, „დინამო“ „დილაზე“ ბევრად უფრო შეძლებული კლუბია“, – ამბობს დემჩენკო.

საქართველოში გადასვლამდე უკრაინელი სპეციალისტი 2019-2020 წლებში „მეტალისტ 1925“-ში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე „ბუკოვინას“ სპორტული დირექტორი იყო.