UFC-ის პრეზიდენტის განცხადებით, ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი საჩემპიონო ქამრისთვის ანაჰეიმში იბრძოლებენ #1TVSPORT
UFC-ის პრეზიდენტის განცხადებით, ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი საჩემპიონო ქამრისთვის ანაჰეიმში იბრძოლებენ #1TVSPORT

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა UFC 298-ის ჩატარების ადგილი დაასახელა. ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ქართველი მებრძოლი ისტორიაში პირველად იჩხუბებს ქამრისთვის, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ანაჰეიმში გაიმართება.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ილია თოფურიას 2024 წლის 18 თებერვალს დაუპირისპირდება.

26 წლის თოფურია MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში საჩემპიონო ბრძოლას წონის რეიტინგში მეხუთე ნომრის რანგში და ჯერ კიდევ დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით ხვდება. ქართველი აქამდე ოქტაგონზე 14-ჯერ ავიდა და ყველა დაპირისპირება მოიგო.

რაც შეეხება ვოლკანოვსკის, 35 წლის ავსტრალიელი ქვემსუბუქ წონაში ზედიზედ მეექვსედ შეეცდება ჩემპიონის ქამრის დაცვას, რომელიც მან ჯერ კიდევ 2019 წლის 14 დეკემბერს მოიპოვა. საერთო ჯამში კი, MMA-ში მას 26 გამარჯვება და სამი მარცხი აქვს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ვოლკანოვსკიმ UFC-ში მეორე ქამრის მოგებაც სცადა, მსუბუქ წონაში მან ჩემპიონობისთვის ორჯერ იჩხუბა ისლამ მახაჩევთან, თუმცა ორივეჯერ წააგო.