UFC 294-ზე ისლამ მახაჩევის მეტოქე ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება #1TVSPORT
UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის განცხადებით, ორგანიზაციის წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც 21 ოქტომბერს აბუ დაბიში ჩატარდება, მთავარი ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე შეიცვალა.
ტრავმის გამო მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის დაპირისპირებას მოეხსნა ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა. ისლამ მახაჩევის მეტოქე, მის ნაცვლად, ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.
ვოლკანოვსკიმ და მახაჩევმა ერთმანეთის წინააღმდეგ მიმდინარე წლის 12 თებერვალსაც იბრძოლეს. მსაჯთა გადაწყვეტილებით, მაშინ გამარჯვება მახაჩევს დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქედ ქვემსუბუქ წონაში მოიაზრებენ ქართველ ილია თოფურიას. მედიის ინფორმაციით, მათი დაპირისპირება, დიდი ალბათობით, 2024 წლის დასაწყისში შედგება. ახლა კი ავსტრალიელს აქვს შანსი, ერთდროულად UFC-ის ორი წონის ჩემპიონის ქამარს დაეუფლოს.