საფეხბურთო კლუბმა „უფამ“ ქართველ მცველ ჯიმი ტაბიძესთან კონტრაქტის გაწყვეტა ოფიციალურად განაცხადა. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ფეხბურთელმა გუნდი მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით დატოვა.
„მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, „უფამ“ და ქართველმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ შრომითი ხელშეკრულება გაწყვიტეს. ტაბიძე „უფას“ 2017 წლის ზაფხულში ეკატერინბურგის „ურალიდან“ შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მცველმა გუნდის შემადგენლობაში 90 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მადლობას ვუხდით ჯიმის ერთად გატარებული პერიოდისთვის და გისურვებთ წარმატებას პროფესიულ კარიერაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ტაბიძეს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდა და ეს ნაბიჯი ლოგიკური იყო. ქართველმა მცველმა გუნდიდან წასვლის შესახებ კომენტარი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მოვიდა დრო, დაგემშვიდობოთ. ის ხუთი წელი, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე, საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში. ყოველთვის ვცდილობდი, მთელი გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავხარჯულიყავი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, პერსონალს და ყველა გულშემატკივარს“, – წერს ტაბიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველი დიდი ხანია ტრავმისგან განკურნებას ცდილობდა, მაგრამ ბოლომდე ვერ მომჯობინდა და მიმდინარე სეზონზე მოედანზე ერთხელაც ვერ გავიდა. ტაბიძე 2015-2017 წლებში ბელგიურ „გენტში“ თამაშობდა, საიდანაც 2017 წელს რუსეთში, „ურალში“ გადავიდა, ხოლო „უფაში“ 2019 წელს ჩაირიცხა – ტაბიძემ ბაშკირულ კლუბში 91 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. არის საქართველოს ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.