უეფას წარმომადგენელმა პეტრიაშვილი გაიხსენა - რუსთავის აკადემია საქართველოში განხორციელებული საუკეთესო პროექტია
რუსთავში ახალი საფეხბურთო კომპლექსის და აკადემიის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს ფიფას და უეფას წარმომადგენლებმაც მიმართეს.
„ბოლო წლებში უეფასთან ერთად ფეხბურთის მასობრიობის განვითარებაში, ძალიან დიდი ინვესტიციას ვახორციელებთ და ვფიქრობთ, რომ მომავლისთვის ეს კარგ საძირკველს შექმნის. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი და ვფიქრობ, რომ თქვენიც. პროგრამა „ფორვარდის“ დახმარებით, ჩვენ ინვესტიცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განვახორციელეთ, რუსთავის აკადემია კი ერთ-ერთი მათგანია. ეს უზარმაზარი სამომავლო ინვესტიციაა. სპორტში გამარჯვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ მთავარი არა გამარჯვება არამედ განვითარებაა“ – ამბობს ფიფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბიორნ ვასალო.
უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტიერი ფავრიმ გარდაცვლილი დავით პეტრიაშვილი გაიხსენა – „ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ათი წლის შემდეგ რუსთავში დაბრუნება. აქ პირველად ჩემს მეგობარ, დავით პეტრიაშვილთან ერთად გახლდით და მსურს, მას მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რაც მან ამ ორი ორგანიზაციის დაახლოებასა და ურთერთობის გაღრმავებაში შეიტანა. „ჰეთ-თრიკის“ პროგრამის საშუალებით, ტექნიკური ცენტრი „ბასას“ აშენება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის განახლება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები იყო. მიუხედავად უამრავი წარმატებული პროექტისა, ჩემი აზრით, რუსთავის აკადემია მათ შორის საუკეთესოა. უეფამ დაიწყო საპილოტე პროგრამა, რომელიც კონკრეტულად ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და სკოლებს ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად 55 ქვეყანას შორის შერჩეულ ოთხ ქვეყანაში ერთ-ერთი სწორედ საქართველოა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ერთა ლიგაში მიღწეული წარმატება, უეფასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გთხოვოთ, რომ ასე გააგრძელოთ.“