უეფას სუპერთასი | ლივერპული-ჩელსი - მატჩის წინ
უეფას სუპერთასი | ლივერპული-ჩელსი - მატჩის წინ
ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე, სტამბოლის „ვოდაფონ-არენაზე“ უეფას სუპერთასის მატჩი დაიწყება. პირველად ისტორიაში ამ პრიზს ერთმანეთში ინგლისური კლუბები გაითამაშებენ. თუმცა, ეს არის ბოლო ექვს წელიწადში მეხუთე შემთხვევა (სულ მერვე), როცა ერთი ქვეყნის გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს.
უეფას სუპერთასი პირველად გაიმართება სტამბოლში. ეს ქალაქი ლივერპულელებს განსაკუთრებით უყვართ – 2005 წელს, სწორედ აქ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ფანტასტიკური ფინალი „ლივერპულსა“ და „მილანს“ შორის.
სუპერთასის მატჩი სულაც არ არის საჩვენებელი. გამარჯვებულს სოლიდური თანხა ელოდება – 5 მილიონი ევრო, დამარცხებულს – 3 მილიონი.
„ლივერპულს“ ხუთჯერ უთამაშია სუპერთასისთვის – სამი მოიგო (1977, 2001, 2005) და ორჯერ წააგო (1978, 1984). „ჩელსის“ ერთი მოგება (1998) და ორი წაგებული ფინალი აქვს (2012, 2013).
საინტერესოა, რომ ჩემპიონთა თასის მფლობელს სუპერთასის 43 ფინალიდან ნახევარზე ოდნავ მეტი – 23 აქვს მოგებული.
ლივერპული
„ლივერპულმა“ შესანიშნავი სტარტი აიღო პრემიერლიგაში – შანსი არ დაუტოვა დებიუტანტ „ნორვიჩს“ (4:1). ვიცე-ჩემპიონმა პირველივე ტაიმში გაიტანა ოთხივე გოლი. იურგენ კლოპის გუნდის შეტევა შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა, პრობლემებია უკანა ხაზში – ტრავმა მიიღო მეკარე ალისონმა და მას ადრიანი შეცვლის. ხარვეზებია დაცვაში – „ნორვიჩმა“ 12-ჯერ შეძლო „ლივერპულის“ კარის მიმართულებით დარტყმა.
იურგენ კლოპს სურს კიდევ ერთი ტიტულის აღება, რათა გააჩუმოს კრიტიკოსები, რომლებიც გაუთავებლად ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ “ლივერპულს” ტრანსფერები და შემადგენლობის გაძლიერება ესაჭიროებოდა. გერმანელ სპეციალისტს კი სჯერა თავისი ბიჭების. სეზონი გამოაჩენს, მართალია იყო თუ არა მწვრთნელი.
ჩელსი
„ჩელსის“ ახალი მწვრთნელისთვის ფრენკ ლემპარდისთვის პრემიერლიგაში ახალ ამპლუაში დებიუტი მეტად წარუმატებელი გამოვიდა – 0:4 წააგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“. თუმცა, ამ მატჩში „ჩელსი“ არც ისე ცუდი იყო, როგორც ანგარიშიდან მოჩანს. თამაშის დიდი ნაწილი ლონდონელები სჯობდნენ „იუნაიტედს“, სანამ ორი სწრაფი კონტრეშეტევა არ გამოეპარათ. „არისტოკრატებს“, პირველ რიგში, რეალიზაციის გამოსწორება სჭირდებათ.
ლემპარდს ორიდან ორი სუპერთასი აქვს წაგება ფეხბურთელის რანგში და ახლა, შანსი აქვს ეს პრიზი პირველად მოიგოს მწვრთნელის რანგში.
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული: ადრიანი – ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი – ფაბინიო, ჰენდერსონი, მილნერი – მანე, რობერტო ფირმინო, სალაჰი.
ტრავმა: ალისონი, კლაინი, ლოვრენი
საეჭვო: კეიტა.
ჩელსი: არისაბალაგა – ასპლიკუეტა, კრისტენსენი, ზუმა, ემერსონ პალმიერი – ჟორჟინიო, კოვაჩიჩი – პულიშიჩი, ბარკლი, პედრო – ჟირუ.
ტრავმა: ჰადსონ-ოდოი, ლოფტუს-ჩიკი, ჯეიმსი
საეჭვო: კანტე, რიუდიგერი
არბიტრი
2019 წლის სუპერთასი ისტორიული იქნება, რადგან მთავარ არბიტრად იმუშავებს ქალი – ფრანგი სტეფანი ფრაპარი. მას დაეხმარებიან თანამემამულე მანუელა ნიკოლოზი და ირლანდიელი მიშელ ო’ნილი.
ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა მამაკაცთა ევროთასებზე ფინალურ მატჩს ქალი არბიტრი მოემსახურება.
პროგნოზი
ბუკმეიკერებს მიაჩნიათ, რომ ამ მატჩში ფავორიტი “ლივერპულია”. მის მოგებაზე კოეფიციენტი 1.57-ს შეადგენს. “ჩელსის” მოგება ასე ფასდება – 5.50, ფრე – 4.00.