უეფამ „რომა“ და მისი მფლობელი დასაჯა
უეფამ „რომა“ და მისი მფლობელი დასაჯა

„ლივერპულსა“ და „რომას“ შორის 2 მაისს გამართული მატჩის დროს იტალიის დედაქალაქში მომხდარი ინციდენტების გამო, უეფამ მასპინძელი გუნდი 19 000 ევროთი დააჯარიმა, მის მფლობელ ჯეიმს პალოტას კი სამი თვით აუკრძალა უეფას ეგიდით გამართულ ნებისმიერ მატჩზე დასწრება, იტყობინება ბი-ბი-სი (BBC).

პალოტას ეს სანქცია მატჩის ოფიციალური პირების მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმებისთვის გამოუტანეს, კლუბი კი თამაშის არასათანადო ორგანიზების, სტადიონზე ერთ-ერთი შესასვლელის ჩაკეტვისა და გულშემატკივრების მიერ ფეიერვერკების გამოყენების გამო დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ნახევარფინალში ლივერპულმა რომას საშინაო მატჩი 5-2 მოუგო, საპასუხო კი 2-4 დათმო და ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ რომა ლივერპულში გამართული პირველი მატჩის დროს მომხდარი არეულობების გამოც დაჯარიმდა (50 000 ევრო), მას შემდე, რაც ინგლისური კლუბის ერთ-ერთი გულშემატკივარი სერიოზულად დაშავდა, პოლიციამ კი ორი იტალიელი მამაკაცი ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დააკავა.